მეუფე შიოზე სიტყვით ვხედავდით შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ მეუფე შიოს დისკრედიტაციისთვის მასზე პერსონალური შეტევები ხორციელდებოდა, ახლა კი "ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე".

ჟურნალისტებთან საუბრისას პაპუაშვილმა არ დააკონკრეტა, ვისგან ხდებოდა მეუფე შიოზე პერსონალური თავდასხმა და თქვა, რომ "საჯაროდ ცნობილი ფაქტია, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები მათ შორის მეუფე შიოზე".

"რა თქმა უნდა, ეს თუ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტია, თუკი ასეთი მცდელობა იყო. რასაც ჯერჯერობით ვხედავთ არის ეჭვები, თუმცა დადასტურებულად არაფერი არ არის. შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა გადასულიყო საქმეზე. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც  ისტორიულად იყო ხოლმე გამოყენებული საქართველოში, ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით. მე იმედი მაქვს, რომ არ დადასტურდება, რომ იყო რაიმე განზრახული ქმედება, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მთავარ არხს წყაროები უყვებოდნენ, რომ მეუფე შიოს სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი