თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი ამბობს, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ბაჩიაშვილის მიერ უკრაინის მხარდამჭერი და პროდასავლური განცხადებების გავრცელებას უკავშირდება.
ამის შესახებ ამსტერდამმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის ფაქტები, რომლებზეც ბრალდებაშია საუბარი 8 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა მანამდე ის პრობლემას არ წარმოადგენდა.
დაცვის მხარე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმის დაწყებას პოლიტიკურ დევნასა და შურისძიებას უკავშირებს.
"თუ ბრალდებას წაიკითხავთ, ნახავთ, რომ პროკურატურა ფაქტობრივად მოქმედებს, როგორც ერთი პიროვნების სააგენტო და ეს პიროვნება შურისძიებით დაემუქრა ჩემს კლიენტს იმ განცხადებისთვის, რაც მან უკრაინის ომთან დაკავშირებით გააკეთა. ეს ფაქტები, რომლებზეც ბრალდებაშია საუბარი, ბოლო 8 წლის განმავლობაში ხდებოდა და მათთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობდა, მანამ, სანამ ჩემმა კლიენტმა ეს პროდასავლური განცხადებები არ გააკეთა. ამიტომ არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის შურისძიების მცდელობა. ასე, რომ ამ ბრალდების დრო და პროკურორების ძალიან უცნაური ქცევა, რასაც ემატება ბრალდების უცნაური ბუნება, რადგან ისინი ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, უბრალოდ აღმაშფოთებელია", - თქვა რობერტ ამსტერდამმა.
რობერტ ამსტერდამთან სრულად ინტერვიუს "მთავარი არხი" 21:00 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არაა, რას გულისხმობს ბაჩიაშვილის ადვოკატი პოლიტიკურ დევნაში. "მთავარი არხი" მასთან დაკავშირებას ცდილობს.
შეგახსენებთ, სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.
ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს ჩაინიშნა.