ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის, როგორც ჩანს პოლიტიკური დევნის შედეგია - ბაჩიაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners ჩაერთო.

ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა საქმესთან დაკავშირებით პირველი განცხადება უკვე გაავრცელა. მისი თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები არაა დაფუძნებული ფაქტობრივ დასკვნებზე და ის პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ამ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე ან სერიოზულ გამოძიებაზე და ნაცვლად ამისა, ბრალდება, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური დევნის შედეგი. გიორგი ბაჩიაშვილი არის უნაკლო რეპუტაციისა და ძალიან წარმატებული მეწარმე, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო აპარატი კი ბოროტად გამოიყენება, როგორც ქურდობის ინსტრუმენტი. ეს ბრალდებები არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ყველა არსებული საშუალებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არაა, რას გულისხმობს ბაჩიაშვილის ადვოკატი პოლიტიკურ დევნაში. "მთავარი არხი" მასთან დაკავშირებას ცდილობს.

შეგახსენებთ, სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.

ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს ჩაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი