დაპირისპირება კასპში ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ერთს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ბარძაყის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და კლინიკაშია მოთავსებული, მეორეს კი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი და სახლში მკურნალობს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილები სოფელ თელიანის მცხოვრებლები არიან , სავარაუდო დამნაშავეები კი კასპელები. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, ორ ადგილობრივს ცეცხლი კასპიდან ჩასულმა პირებმა გაუხსნეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს კასპის პოლიციის ის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა, რომელიც დანაშაულის დაფარვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაშია მხილებული, საუბარია გიორგი ბეგლარაშვილზე. ის რამდენიმე დღის წინ კასპში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას რეაგირების გარეშე ტოვებდა. მაშინ, როდესაც "ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აზიანებდნენ აპარატურას, ის მომხდარს ტელეფონით იღებდა.