საპარლამენტო ოპოზიცია "საარჩევნო კოდექსზე" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის კენჭისყრის შედეგების გაბათილებასა და ხელახლა ჩატარებას ითხოვს. საქმე ეხება "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 3 ივლისის სხდომაზე "ქართული ოცნებას" ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იყო.
"რეგლამენტის დარღვევა არის, მერე თუ გადავალთ სხვა მუხლებზე, ნახავთ, რომ გაყალბება არის დანაშაული, ზოგადად. ამიტომ, ერთი გამოსავალი აქვს "ქართულ ოცნებას," რომ რაღაცა მიზეზით ბათილად გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები, შესაძლებელია ესეთი რამე, და თავიდან დადგეს ეს საკითხი კენჭისყრაზე. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ საკითხზე არის ბათილობა. მტკიცებულება რა ჭირდება, კახიშვილი თავად ამბობს არ ვყოფილვარ სხდომაზე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რა ვიცი. ამაზე, რომ საგამოძიებო კომისია შევქმნათ კიდევ კომიკური სიტუაცია იქნება მართლა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არის, სისულელეა", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.
რეგლამენტის დარღვევას არ გამორიცხავენ არც პარტია "საქართველოსთვის" წევრები. ბექა ლილუაშვილის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წარმომადგენლებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ ისინი კანონის "უხეშად დარღვევისთვის" მზად არიან.
თუმცა, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას არანაირი მანიპულირება არ ყოფილა და ყველაფერი კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ინფორმაცია, რომ ვეტო პროცედურული დარღვევით დაიძლია პარტია "გირჩმა" გაავრცელა.
ვეტოს დაძლევის შესაძლო გაყალბებაზე პარლამენტისგან დეტალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმაც გამოითხოვა.