მზად ვართ, ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, მზად არიან "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე არჩევნებში ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ უგულავამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა, - წერს გიგი უგულავა. 

მისი თქმით, მზად არიან ჯაფარიძესთან ერთად კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყონ, რომ სწორედ ჯაფარიძე იყოს საერთო კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში "გირჩის" სახელით დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს. 

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, რომელსაც ჯაფარიძე ნებისმიერ თემაზე საჯაროდ სასაუბროდ იწვევს. გირჩის ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი რომელ თემას შეეხება, რომელ პლატფორმას გამოიყენებენ და რომელი ფორმატით წარიმართება.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ვოლსკის გარდა, მაჟორიტარობა მოძრაობა „ხალხისათვის“ დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება. 

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი