
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ "ელჩის მოვალეობა არ არის დაკვეთების მიცემა". მისი მტკიცებით, დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს ვინმეს დაკავებაზე და მისი შეფასება სწორი არ არის.
მისივე თქმით, შსს-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრაიდის ღონისძიებაზე ძალადობა თავიდან ყოფილიყო არიდებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ რომ ძალადობა ყოფილიყო არიდებული და შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ეკუთვნის მადლობა და მე არ მგონია, რომ ეს შეფასება იყოს სწორი, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხირდან.
რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი რომ ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა, ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე პირველ რიგში ჯერ იგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს, ქრონოლოგიურად ასე უწევთ და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები და ისინი მიიღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კელი დეგნანი პრაიდის ღონისძიების ჩაშლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანები ბევრად უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, როცა ღონისძიებაზე თავდამსხმელებს დააპატიმრებენ და დასჯიან.