TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანიას შსს-დან აცნობეს. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ძარცვის იმიტაცია" იყო, მიზანი კი მისი დაშინებაა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს მომხდარ ფაქტს და ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და მიიღოს ზომები მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად.
"მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა.