რადას რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილზე - უკრაინელი და ევროპელი დეპუტატები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

უკრაინელი და ევროპელი დეპუტატები უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შემუშავებულ მიმართვის პროექტს ეხმაურებიან.

რადას დეპუტატის, პარტია "ხალხის მსახურის" წევრის იური კამელჩუკის თქმით, სხდომაზე  გამოსული ყველა დეპუტატი ხაზს უსვამდა იმას, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნოს ყველამ, მათ შორის ისეთმა ადამიანებმა, ვისაც შესაძლოა მასთან გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდეს. 

მისივე თქმით, უკრაინის რადა სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც მიმართავს, რათა მათაც მიაქციონ ყურადღება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

"დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მიმართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი, რომ მან მიმართოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით. ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებშიც სააკაშვილი გამოიყურება, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღი და სრულიად აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს არის სახელმწიფო რადის პირველი მსგავსი მიმართვა, მაგრამ ამჯერად ჩვენ მივმართავთ სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც, რომ მათაც მიაქციონ ყურადღება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ყველა ადამიანი, რომელიც დღეს რადაში გამოვიდა, აღნიშნავდა, რომ აუცილებელია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მათ შორის ისეთი ადამიანებიც, ვისაც შესაძლოა მასთან გარკვეული პოლიტიკური უთანხმოებები ჰქონდა. ახლა ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ის გადავარჩინოთ.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეს მიმართვა შესმენილ იქნას და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიცია და გვგონია, რომ ამჯერადაც იქნება სრული იგნორი. შეიძლება მოხდეს სასწაული და მაშინ დავიჯერებთ, რომ რაღაცა იცვლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საუკეთესო გამოსავალი არის სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის, განსაკუთრებით კი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს", - ამბობს იური კამელჩუკი "მთავართან".

"პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახალხო დეპუტატი და ჩემი მოვალეობაა, რომ უკრაინის ყველა მოქალაქე დავიცვა. მეორე, რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი სააკაშვილს საქართველოს კანონების მიხედვით, თუ ასეთი რამ საერთოდ ჩადენილი აქვს, სასჯელი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა და არა დამცირება, არც ფიზიკური ძალადობა, არც მისი სულით გატეხვა და არც მისი წარმოჩენა სასაცილოდ და საცოდავად. რასაც ახლა მსოფლიო უყურებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის იურიდიული სასჯელი. ეს არის წამება, დაცინვა, რომელიც ჰუმანურობას სცდება. ამას ვერც პრეზიდენტი და ვერც უმაღლესი რადა გულგრილად ვერ შეხედავს.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და თავად საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ დაიწყებს წვრილმანი შურისძიების სანაცვლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევას. მით უმეტეს, რომ დათმობაზე წასვლა ამ შემთხვევაში საქართველოს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. პირიქით, ყველა შეაფასებს ამას, როგორც ცივილიზებულ და ჰუმანურ გადაწყვეტილებას.      

მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. იმიტომ რომ არცერთი სხვა პატიმარი საქართველოს ციხეში ასეთ მდგომარეობაში არ არის. ეს არის რუსეთის ხელისუფლების შურისძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მე არ მინდა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამ პოლიტიკური შურისძიების მძევალი იყოს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდიან ევროპარლამენტარებიც. როგორც ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე ცუდად არის, ამ საქმის მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე უნდა იფიქრო." ამბობს მაქსიმ ბუჟანსკი "ხალხის მსახურის" დეპუტატი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდიან ევროპარლამენტარები. როგორც ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე ცუდად არის, ამ საქმის მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე უნდა იფიქრო.

"საქმე მარტივადაა: აქვთ თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანური დამოკიდებულება სააკაშვილთან, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე ცუდადაა, აქ უნდა იფიქრო მხოლოდ საქმის ჰუმანიტარულ მხარეზე. ამიტომ ჩვენ ვაწერთ ხელს მორიგ წერილს და ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ გაუშვას ის სამკურნალოდ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში", - ამბობს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი კი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, რათა ეს საკითხი მუდამ ზედაპირზე იყოს.

"ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, არ უნდა გავჩუმდეთ, რათა ეს საკითხი მუდამ ზედაპირზე იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ თუ გავჩუმდებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ გადარჩება. ეს იქნება უზარმაზარი ცოდვა და საქართველოს ხელისუფლება ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავს", - თქვა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. 

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი