არ ვიცი ჩემკენ რატომ იშვერენ თითს, პოლონელ ექიმებთან მე კონტაქტი არ მქონია - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას ექიმებთან არცერთ დონეზე კონტაქტი არ ჰქონია.

ალასანიას თქმით, მომხდარის დეტალები მისთვისაც უცნობია.

"არავითარი კონტაქტი მე იმ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი და, ალბათ, გაკეთდება რაღაც კომენტარი. იმიტომ, რომ, გამომდინარე იმ ინტერესიდან, რომელიც არის ამ ადამიანის მიმართ დღეს, დასავლეთში ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული ვერ დარჩება დიდხანს. მე ასე მგონია და, ალბათ, მოვისმენთ შემდგომ კომენტარებს, იქეთა მხარეც, ალბათ, თავის რაღაცა განმარტებას მოგვცემს ალბათ. არ ვიცი ჩემკენ რატომ იშვერენ თითს, იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ და ძალიანაც მივესალმები. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა იმ ექიმებისთვის. მე იმათთან კონტაქტი არ მქონია, არცერთ დონეზე არ მქონია იმათთან კონტაქტი და როგორ უნდა განმემარტა მე. უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც იყო კონტაქტში," - ამბობს ალასანია.

შეგახსენებთ, 12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვივა მედში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

გუშინ, 14 ივლისს კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს." კერძოდ, როგორც პენიტენციური ამბობს, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი