
საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები უსამართლო და ყოვლად გაუმართლებელია. მისი თქმით, გაუგებარია რატომ რჩებათ მათ დრო საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კონცენტრირებისთვის.
"რაც შეეხება უკრაინის საკითხს და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო. ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე არ მინდა დებატებში შევიდე. ვინაიდან, ქვეყანა არის უმძიმეს ომში, უმძიმეს ვითარებაში და მინდა, მათ ვუსურვო მშვიდობა, ომის მალე დასრულება და გამარჯვება და, ასე ვთქვათ, თავისი ტერიტორიების გამარჯვება, ეს ერთი.
რაც მთავარია, ის უბედურება, რაც ხდება, ყოველდღე ასეულობით ადამიანი იღუპება, ეს არის უბედურება, კატასტროფა ხდება პირდაპირ და 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. 20 მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო ერთ წელიწადში. ეს არის ტრაგედია, მეგობრებო. და 20% ტერიტორიის უკვე დაკარგული აქვთ და ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ომის შედეგად არის, ამბობენ, ტრილიონ დოლარზე მეტი უკვე. აი, ეს არის მთავარი.
ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იქნენ კონცენტრირებული. მაშინ, როცა რაც მე ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის დატოვება საკუთარი საცხოვრებელი სახლის, ტრილიონი დოლარის ზიანი, 20% ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას. საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის არც რჩევა და არც მით უმეტეს ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი," - აცხადებს ღარიბაშვილი.
უკრაინა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს - რადამ შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 14 ივლისს მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.