
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რადას რეზოლუციას გამოეხმაურა.
ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ რადას დეპუტატებს საქართველოში არეულობა სურთ, რათა "რამენაირად რუსეთის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაერთოს".
"რაც შეეხება რადას დეპუტატების მომართვას, მათი მიზანი იყო ძალიან მარტივი - რა თქმა უნდა, მათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, არამედ მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სჭირდებათ ქვეყანაში, რომ რამენაირად რუსეთის ყურადღება სხვა მიმართულებით, სხვა ფრონტებზე გადაერთოს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
უკრაინა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს - უკრაინის რადამ შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 14 ივლისს მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.