
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინა არა NATO-ს სამიტზე, არამედ ვახშამზე იყო მიწვეული.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ამ ვახშამზე ის თავადაც მიიწვიეს, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ვილნიუსში ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოდგენილიყო.
"ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა [NATO-ს სამიტზე] საგარეო საქმეთა მინისტრი გავაგზავნეთ. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, უკრაინა არ იყო მიწვეული მთავარ პანელზე და სამიტზე, არამედ ვახშამზე იყვნენ მიწვეული. ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას, ეს ზედმეტი ხმაური აბსოლუტურად უსარგებლოა", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. სამიტს საქართველოს მხრიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. გერმანული გამოცემის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, NATO-მ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომ ის ვილნიუსის სამიტზე სასურველი სტუმარი არ იყო.