FAZ: NATO-მ ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე

გამოქვეყნდა:

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ  NATO-მ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე. გამოცემა ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და ნატო პოლიტიკურად უფრო და უფრო შორდებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ორი დეკადის განმავლობაში მუდმივად სურს NATO-ში შესვლა, ურთიერთობების მდგომარეობის სიმპტომი ისაა, რომ საქართველო  ვილნიუსის სამიტზე პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახით არაა წარმოდგენილი, არამედ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. NATO-მ ხელისუფლების ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი [სტუმარი]" - წერია სტატიაში. 

გამოცემა ამბობს, რომ ღარიბაშვილი სასურველი სტუმარი არაა მაისის ბოლოს, ბრატისლავაში გაკეთებული განცხადების გამო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

"საქართველოს პრემიერმინისტრი არაა სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე, რადგან მან მაისის ბოლოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციაზე უკრაინაში ომის შესახებ განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“. მას აქამდე არასდროს ასე მკაფიოდ არ გაუმეორებია კონფლიქტის დაწყების რუსული ვერსია. თუმცა ეს არ ყოფილა წამოცდენა. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ღიად მიმართავს ანტიდასავლურ პროპაგანდას", - ნათქვამია სტატიაში.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი