რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ღამით რეგიონზე დრონებით შეტევა იყო. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის აღმოსავლეთში 9 დრონი ჩამოაგდეს და კიდევ 19 ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
"ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 19 ჩაახშეს ელექტრონული ომით. მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა აქსიონოვმა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.
გუშინ დრონებით შეტევა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. რუსეთმა მომხდარს "ტერორისტული აქტი" უწოდა და გამოძიება დაიწყო. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა.