რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. კომიტეტი მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ "ტერორისტულ აქტს" უწოდებს.
"დილის 3.05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი," - ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
მისი თქმით, ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაინიშნა ექსპერტიზა.
შეგახსენებთ, 17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა "საგანგებო შემთხვევის" გამო. მოგვიანებით რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა.
უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს ჯერჯერობით არ პასუხობს. თუმცა, უკრაინული მედია წერს, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.