"მთავარი არხის" ექსკლუზივი - შიდა ქართლში, სოფელ მეტეხში ჩასულმა თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მას ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემეს.
პოლიციის ნაცემი მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაჭირდა. როგორც კასპის საავადმყოფოში "მთავარს" უთხრეს, პოლიციის თანამშრომელს მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავისა და სახის არეში.
"მთავარის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, პოლიციამ სათვალთვალო კამერები ამოიღო.
"სიტყვიერი შელაპარაკების დროს გამოიყენა სამსახურებრივი იარაღი და გაისროლა ჰაერში რასაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ახალგაზრდები შეეწინააღმდეგნენ. როგორც ვიცი, წაართვეს აღნიშნული იარაღი. [...] აქ გვაქვს აბსოლუტური ნონსენსი, იმ დროს როდესაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, დღეს ისინი არიან დაკავებულები, ხოლო სამსახურებრივი იარაღი, რომელიც უკანონოდ გამოიყენა პოლიციის მაღალჩინოსანმა, დღეს ის სამსახურშიც არის და თავისუფალიც არის", - ამბობს კასპის საკრებულოს ენმ-ს წევრი, გიორგი შარიფაშვილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და ადგილობრივებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.
კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, ამის შემდეგ, ადგილობრივებმა პოლიციის მაღალჩინოსანს იარაღი წაართვეს და მას სცემს.