კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა - ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რადას დეპუტატები, უკრაინის სახალხო დამცველი, კიევში ვიზიტით ჩასული ნიკა გვარამია და უკრაინელი უფლებადამცველები.
ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამაც. მისი თქმით, რადაში მიღებული რეზოლუციის მიზანია, მსგავსი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სხვა ქვეყნების პარლამენტებმაც მიიღონ. არახამია ფიქრობს, რომ ამ სტრატეგიამ შეიძლება იმუშაოს და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდეს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
"ევროპაში ქართველ ჩინოვნიკებს ხელს არ ართმევენ, ეუბნებიან, რომ თქვენ დეკლარირებული გაქვთ კურსი ევროპისკენ, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ციხეში გყავთ გამომწყვდეული და ვერ ასაბუთებთ რატომ, რაღაც გაუგონარი ბრალდებით. ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც საზოგადოებაში საერთაშორისო პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, რომელსაც უნდა, რომ შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან და აღქმული იყოს დიპლომატად, შეიწყალა ბატონი ნიკა და ეს ჩვენთვის სასიხარულო ამბავია, ახლა ჩვენი შემდეგი ეტაპი ბატონი სააკაშვილია.
მე მგონია, რომ აქ მთავარია, რომ მისი შეწყალება საქართველოში აღქმულია, რომ ის იქნება პოლიტიკური ლიდერი, ექნება საკუთარი პარტია. მათ არჩევნები აქვთ მომავალი წლის შემოდგომაზე და ფიქრობენ, რომ თუ მას გაათავისუფლებენ ამით შეიქმნება დიდ პოლიტიკური კონკურენცია. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ დიალოგი, მაგრამ ახლა უკვე ეს პოლიტიკას აღარ ეხება, ახლა საკითხი სიცოცხლის გადარჩენაზეა, ჰუმანიტარულ მისიაზე, რომ ბატონი სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ფაქტობრივად კვდება ციხეში და 100%-ით ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - ამას ისინიც ხვდებიან და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ იმიტომ შეუშვეს ევროპელი ექიმები შესამოწმებლად, რომ დაიწყეს ნერვიულობა, რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე. მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია.
რა იქნება შედეგი - თუ ათი ევროპული ქვეყანა მიიღებს მსგავს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მათ აღარ ექნებათ არჩევანი, რადგან როცა ისინი იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მათ უპასუხებენ, რომ 10 ევროპული ქვეყანა მოგმართავთ ჰუმანიტარული მისიით, გაუშვათ ადამიანი და თქვენ რას აკეთებთ. რა შეკითხვები შეიძლება კიდევ არსებობდეს, მე მგონია, რომ ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება იმუშაოს. ჩვენ ვიზიარებთ, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, არ იმუშავა და ახლა თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი პოლიტიკური ფლეშმობის გაკეთებას, ამან შეიძლება გაამართლოს. თუ ასე მოხდა, როგორც ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი შეიძლება ამ სცენაზეც ვნახოთ", - თქვა დავით არახამიამ.
სიტყვით გამოვიდა ნიკა გვარამიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება რეგიონის სხვა ქვეყნებს - თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც შეუძლიათ.
"მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, რამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში.
ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ და ამის გამო მომიწია თბილისში ცხოვრება.
2003 წლამდე საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც არ იმსახურებდა დაწინაურებას.
მიშამ საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე.
ხელისუფლების ისტორიის ბნელ მხარეს დგომის სიმბოლოა სწორედ ციხეში მყოფი სააკაშვილი, ასევე მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო და მისი სახით ივანიშვილი სჯის დასავლეთს და უკრაინას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, ევროპაშიც, აშშ-შიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში.
მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი და მოქმედება", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი კობა ნაყოფიაც. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია.
"მე მინდა მიხეილ სააკაშვილის ქართველი მხარდამჭერების სახელით, რომლებიც ასიათასობით არიან, მადლობა გადაგიხადოთ უკრაინელ ხალხს, ვინც ახლა საშინელ, სასტიკ ომში ხართ ჩაბმულები უმოწყალო აგრესორთან და მიუხედავად ამისა პოულობთ დროს, რომ მხარდაჭერა გამოხატოთ მიხეილის მიმართ.
პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო განცხადება საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი იყო, რისთვისაც მასაც დიდი მადლობა. მადლობა უკრაინის უზენაეს რადას, რომელმაც დადგენილება მიიღო და მიმართა სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგან.
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი და სამწუხაროდ ეს ხდება ისევ ქართველების ხელით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის წევრების ხელით. მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს და მიხეილიც, რომელიც ამ ბრძოლის ნაწილია, აუცილებლად გამარჯვებული გამოვა ციხიდან", - თქვა კობა ნაყოფიამ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის სახალხო დამცველი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებას "ვითომ ჰუმანური" ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას. ლუბინეცს შეკითხვები აქვს - რატომ არ შეუშვეს უკრაინის მოქალაქესთან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები:
"დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ დემოკრატია იწყება იმით,რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უფლება. უკრაინა ყურადღებას ამახვილებდა და მომავალშიც გაამახვილებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვაჩვენეს პირველი ბრჭყალებში ჰუმანური ნაბიჯი,როცა სააკაშვილთან პოლონელი ექიმები შეუშვეს. მე გამიჩნდა შეკითხვა, რატომ არ შეუშვეს უკრაინის ხელისუფლება? რატომ არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, რომელმაც ათეულობით წერილი დაწერა იუსტიციის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს სახალხო დამცველთან, რომელიც ცოტახნის წინ აირჩიეს და რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ადამიანის უფლებას დაიცავს, მათ შორის უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისას.
არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიმიღია საქართველოს ხელისუფლებისგან. ყოველ ჩემ შეხვედრაზე საერთაშორისო კონფერენციებზე მე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის საკითხს მუდმივად დღის წესრიგში ვაყენებ. უკრაინა იბრძვის და იბრძოლებს ყველას უფლებებისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს იქნება რუსეთის ფედერაციის ციხეში, თუ ქართულ დაწესებულებებში.
დღევანდელი შეხვედრით გვინდა ვაჩვენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ოფიციალურ წერილებს არ დავუწერთ, ჩვენ ასევე გამოვალთ საჯაროდ და არაერთ მოთხოვნას გავუგზავნით ევროპულ ინსტიტუტებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პარლამენტს, რომელმაც 14 ივლისს მიიღო რეზოლუცია და გაგზავნა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში." აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დმიტრო ლუბინეცმა
ღონისძიებას ჩაერთო მიხეილ სააკაშვილის დედა. გიული ალასანიამ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მისი შვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკისა და საგარეო მინისტრ კულებას, ასეთი მხარდაჭერისთვის. მიშამ თავისი საუკეთესო წლები გაატარა უკრაინაში და მას ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. ის ახლა ციხეში ზის იმის გამო, რომ 2008 წელს პუტინს არ დაუთმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველა ბრალდება მის წინააღმდეგ არის შეთითხნილი და ის პუტინის პირადი პატიმარია, რის შესახებაც დღეს ბევრი საუბრობს. ბევრი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა უკვე განცხადება, მაგრამ შედეგებს ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. თუმცა, მე ძალიან მადლობელი ვარ უკრაინის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალებით დადებით შედეგს მივაღწევთ. მიშა ახლა ძალიან განიცდის, რომ ამ რთულ დღეებში უკრაინაში არ არის. საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად ახლა ეს აღელვებს. ამიტომ, უკრაინის გამარჯვება ეს არა მხოლოდ უკრაინის არამედ მისი გადარჩენაც არის", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, უკრაინის რადამ 14 ივლისს რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ