მესტიის სასტუმროებს ჯავშნები სრულად გაუუქმდათ

გამოქვეყნდა:

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ადგილზე უკვე მზად არის 20 სასტუმრო, სადაც საკარანტინო სივრცეები მოეწყო. თუმცა, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინის პერიოდი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთაც გაიარონ.

მესტიაში კორონა ვირუსის გავრცელებამ და შეზღუდვებმა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო სასტუმროების მეპატრონეები. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს გაცილებით მეტი ადგილობრივი დამსვენებელი სტუმრობდა სვანეთს, ეს წინა სეზონებთან შედარებით ტურისტების საკმაოდ მცირე სეგმენტია და თუ ხელისუფლება ამ ვითარებას არ გაითვალისწინებს, ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ფაქტობრივად ჩავარდნილი სეზონის გამო, შესაძლოა ვერც ბანკის სესხის დაფარვა შეძლონ. მათ ყველა ჯავშანი გაუუქმდათ.

ჯავშნები გაგვიუქმდა, რაც ზამთრის მერე გვქონდა დაჯავშნილი. ძლივს მოვასწარი ერთი-ორი სტუმრის მიღება და ფაქტიურად, ისევ იგივე პრობლემას შევეჯახე, რომ ფაქტიურად, სეზონი ჩამივარდება და ბანკის ვალები ისევ პრობლემად გამიხდება. არ გვესმის, ხვალ რა იქნება, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. სიტუაცია დაძაბულია პირადად ჩემი ოჯახისთვის, - ამბობს სასტუმრო "პანორამას" მმართველი მაია ჩანქსელიანი. 

შეგახსენებთ, რომ კარანტინი ერთ-ერთ ყვევლაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სოფელ ლენჯერში 17 ადამიანს COVID -19 დაუდასტურდა. ყველანი ახლო ნათესავები არიან. მათი ნაწილი ლენჯერში თბილისიდან ჩავიდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სწორედ თბილისიდან ჩასულ ქალს გამოუვლინდა. როგორც გაირკვა მას რამდენიმე დღე ჰქონდა სიცხე. 6 აგვისტოს  მესტიის საავადმყოფოში მიყვანისას ორმხრივი პნევმონია დაუდასტურა. რეგიონში მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები.

10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 17 სწორედ სვანეთს უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი