
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ღამით მიზანმიმართულად შეუტია "მარცვლეულის შეთანხმების" ინფრასტრუქტურას. მან სამხედროებს დაავალა გააძლიერონ პორტის ინფრასტრუქტურა და ხალხის დაცვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დილით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ღამით ოდესაზე, ჟიტომირსა და სხვა რეგიონებზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.
"რუსი ტერორისტები აბსოლუტურად მიზანმიმართულად უმიზნებდნენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას და ყველა რუსული რაკეტა - ეს არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში, ვინც იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. [...]
სამხედროებს დაევალათ ხალხის დაცვისა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი - პარტნიორებთან კონტაქტების გააქტიურება ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაძლიერებლად და უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გასაგრძელებლად", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზედიზედ მეორე დღეა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქი ოდესა რუსეთის თავდასხმის სამიზნეა. რუსეთმა სამშაბათს განხორციელებულ შეტევაზე თქვა, რომ ეს იყო პასუხი ორშაბათს, კიევის მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე.