ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 9 აგვისტოს ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ მინსკს ადამიანების უფლებების დაცვისაკენ და აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს და ბელორუსში სტაბილურობის მოტანა მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუძლია.
დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, ალექსანდ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთმა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა უკვე მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ მიტინგები ბელორუსის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გომელშიც გაიმართა. მოქალაქეები პრეზიდენტის მთავრობის გადადგომას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბელორუსში მიმდინარე პროცესებისა და ზეწოლის გამო ქვეყანა დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და თავი ლიეტუვას შეაფარა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოსვლები დაიწყო. ხალხი არჩევნების შედგების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერის არ სჯერათ.