ნარკოდანაშაულის ჯგუფის ლიდერი, ნარი კაჯაევა თურქეთშია - 6 პირს აღკვეთის სახედ პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ექვსიდან სამი ბრალდებული ესწრებოდა, მათ შორის ორი ადვოკატია. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. 

22 პირიდან 16-ს ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, 3 ძებნაშია, მათ შორისაა ნარი კაჯაევა, ნარკოდანაშაულის ჯგუფის ლიდერი, რომელიც თურქეთში იმყოფება, სადაც ცხოვრობს. პროკურორმა პროცესის შემდეგ თქვა, რომ უწყება კაჯაევას ექსტრადიციის მოთხოვნით თურქეთს მიმართავს.

"პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ნარი კაჯაევთან. სამმა პირმა შექმნა აღნიშნული ჯგუფი და მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები. სამი წლის განმავლობაში 16 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ეტაპობრივად, ვინც კი გამოვლინდა ჯგუფის მონაწილე სხვადასხვა პირები, ყველას მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა", - თქვა პროკურორმა.

სასამართლო პროცესზე თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჩითლაქმა თქვა, რომ სამართალდამცავებმა მისი დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს:

"დაკავებისას არასათანადოდ მომექცნენ. თვალებზე ხელები ამაფარეს, ფეხები დამიჭირეს და დამაწვინეს, ჯიბეში კი რაღაცები ჩამიდეს" 

დაკავებული ადვოკატი, მანუჩარ ზოიძე ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იდგა საქმის უკან და ვინ იყო დამკვეთი. მისი თქმით, უფლებამოსილებას ასრულებდა და კლიენტს პრობლემური ტრანზაქციების შესრულებაში ეხმარებოდა. 

"ჩემი ამბავი არის წმინდა შურისმაძიებლური მოქმედება. მართალია, მათ მე ვუქმნი დისკომფორტს, მათ შორის პოლიციასაც, პროკურატურასაც და მთელ სახელმწიფოსაც. მიკავშირდება მე კლიენტი, ხშირად კაჯაევი და მთხოვს თქვათ, მიდი და დაიცავი ეს პირი, მინდობილობით, რწმუნებულებით დავალების შესრულებას ჰქვია დავალების ხელშეკრულება, დავალებას ვასრულებდი, დიახ, დავალებას ვასრულებდი და შემოსავალს ვიღებდი აქედან", - თქვა ზოიძემ.

პროკურორმა თქვა, რომ კაჯაევა საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, თუმცა არ დააკონკრეტა ბოლოს როდის გადაკვეთა საზღვარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი