5 პირს ბრალი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დაუმძიმდა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილს საბედისწრო ღამეს ხევში 5 პირი მისდევდა, ის სასტიკად ცემის შემდეგ მდინარეში გადააგდეს -19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის პროკურატურამ  ბრალი 5 პირს წაუყენა. შოთაძის უწყებამ საგანგებო ბრიფინგზე შაქარაშვილის დაღუპვის სცენა აღადგინა. "ტოიოტა ქამრის მზავრებს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს ბრალი დაუმძიმდა. 

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე კონკრეტულად არ უსაუბრია და მხოლოდ ზოგადი ლაპარაკით შემოიფარგლა. პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დე ენ ემ-ის ანალიზის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისი თქმით, ამ მიმართულებით ასობით ექსპერტიზაა დანიშნული. 

ჩვენ გვაქვს გარემოებები, რომელთა შეფასებასაც სამართლებრივი განათლება არ სჭიდება. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ხუთივე პირი ხევის მიმართულებით მიემართება შაქარაშვილის დევნის პროცესში, ხუთივე მათგანი გარკვეულ დროს ატარებს ამ ხევში. გასათვალისწინებელია შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სასტიკად ნაცემი, და შემდგომ საბოლოო შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, - ამბობს ამირან გულუაშვილი.

შოთაძის უწყება ამბობს, რომ "ოქროს მოწმეს" გური ამირხანაშვილს ჩვენებები არ შეუცვლია და გარკვეულწილად, ცვლილებები მის ჩვენებებში მისი ასაკისა და მეხსიერების მდგომარეობიდან არის გამომდინარე. ჩანთასთან დაკავშირებითაც, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, არის თუ არა მასზე დე ენ ემ-ის კვალი, პროკურატურა ამბობს, რომ ჩანთის ექსპერტიზის პასუხიც მოგვიანებით იქნება.     

პროკურატურა ვასილ მახარაძესთან დაკავშირებით, რომელიც ტოიოტა ქემრის მძღოლი იყო, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტზე, არ საუბრობს. გულუაშვილის თქმთ, პროკურატურის ხელთ არსებული უტყუარი მტკიცებულებების თანახმად, ხუთი ადამიანის გარდა, ამ საქმის ყველა ფიგურანტი გაზრახ მკვლელობის ჩადენის მომენტში სხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა. 

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე პირს 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.      

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და სპეციალურ ბრიფინგზე აღადგინა ფეხბურთელის დაღუპვის სცენა

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი