გოგებაშვილზე, პოლიციელებთან დაპირისპირებისას დაზიანებები ლაშა ჟღენტის ბებიამაც მიიღო - გამოკითხვები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

გამოქვეყნდა:

პოლიციის მხრიდან 21 წლის ახალგაზრდაზე ძალადობის საქმეზე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ახალგაზრდას ბიჭის ბებია გამოკითხეს, რომელიც მომხდარის ერთ-ერთი მოწმეა. როგორც ცნობილია, პოლიციამ ქალზეც იძალადა. დაზარალებულის, ლაშა ჟღენტის თქმით, ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება ხელებსა და ფეხებზე.

"შეკითხვები დაუსვეს, მან მოუყვა რაც ახსოვდა, რაც შეეძლო რომ მოეყოლა, ყველაფერი მოყვა დაწვრილებით. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული და ინტერვიუს მოცემას ვერ შეძლებს და სახლში უნდა მივიყვანოთ, რადგან ჯერ კიდევ ვერ გამოკეთდა იმ ინციდენტის შემდეგ, რაც პოლიციამ ჩაიდინა. ეტყობა ხელებზეც, ფეხებზეც ეს ყველაფერი ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენეს, როგორ იძალადეს მასზე. წესით, თუ გადაიყვანენ ექსპერტიზაც ნახავს ყველაფერს და მტკიცებულებაც გვექნება, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს ჩვენ და ამაზეც რა თქმა უნდა პასუხს აგებენ", - თქვა ლაშა ჟღენტმა.

საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვები ორი დღეა გრძელდება. გუშინვე გამოიკითხა თავად ლაშა ჟღენტიც. "მთავარმა არხმა" იმ პოლიციელების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელები ფიზიკურად 20 ივლისს გაუსწორდნენ. როგორც ბიჭი ყვება, ის შსს-ს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. ლაშა ჟღენტს დაზიანებები აქვს მიღებული ხელისა და ყელის არეში. დაზიანებები აღენიშნება შემთხვევაში მონაწილე მეორე ახალგაზრდასაც. 

როგორც თვითმხილველი "მთავარ არხთან" ამბობს, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ბიჭების გარდა, იძალადა მათ ბებიაზეც, რომელიც მოძალადე პოლიციელისგან მისი შვილიშვილების დაცვას ცდილობდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი