
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო მასალების საწყობი და ნავთობის ბაზა გაანადგურეს.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის ნავთობის ბაზა და საწყობები დროებით ოკუპირებულ ოქტიაბრსკში. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!" - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Telegram-ზე და ამის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებდა, რომ კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ აეროდრომსა და ნავთობის საცავს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა, თუმცა განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. მანამდე კი რუსეთმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა.