დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სისხლის სამართლებრივ დევნაში სწორად და მართებულად და იურიდიულად გამართულად - ამის შესახებ დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ დღეს ისაუბრა.
მისი თქმით, მათ რამდენჯერმე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მძღოლთან დაკავშირებით და არ იცოდნენ დაზუსტებით, რა პოზიცია ჩამოლიბდებოდა საგამოძიებო ორგნოში მასთან მიმართებაში, თუმცა დღეს პროკურატურის გამართულ ბრიფინგზე ამ მეექვსე პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც დღეს ჩვენთვის, ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში ამ საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პრობლემა, - ამბობს ნიკოლაძე.
დაღუპულის ბიძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის გარდა, რაც გახდა ამ ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმების ძირითადი საფუძველი, სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაც ეჭვმიუტანლად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა ტოიოტას ამ ხუთი მგზავრისა, შემთხვევის ადგილას არ იყო და დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.
ამიტომ დაზარალებულის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდეგ სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, რაც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ შეწყალებას ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას, - თქვა ნიკოლაძემ.
დაღუპულის ბიძა ამბობს, რომ ტოიოტა ქემრის მძღოლის ჩართულობაზე მტკიცებულებები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული. მისი თქმით, გამოძიებას ოჯახი თავიდანვე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები ამ წუთასაც არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და სპეციალურ ბრიფინგზე აღადგინა ფეხბურთელის დაღუპვის სცენა. ამ ხუთი პირის ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.