"მიუღებელია, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ რუსულ ნარატივს ნერგავენ" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის" შეკითხვას საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე.
მდინარაძემ კითხვას, მისაღებია თუ არა მისთვის რუსული უნივერსიტეტის გახსნა, არ უპასუხა და "მთავარის" ჟურნალისტი რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა.
"თქვენი რუსული რიტორიკა არის ცუდი. რუსული რაღაც რომ მოხდეს, რადგან ის არის ოკუპანტი, მიუღებელია - ასე უნდა გიპასუხოთ? ჩემთვის მიუღებელია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ რუსულ ნარატივს ნერგავენ. მიუღებელია თქვენი რუსული პროპაგანდის ელემენტები, ყველა სიტყვაში ამბობთ სიტყვა რუსულ იმხელა დავალება გაქვთ...
არც ექსპანსია, არც ოკუპაცია, არც ამ ქვეყნის მტრობა არათუ მიუღებელია, არამედ არის ამაზრზენი, მათ შორის თქვენი რუსული პროპაგანდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.
სასწავლო დაწესებულება სრულად რუსული მხარის მიერ დაკომპლექტდება და მისი დაფინანსებასაც ოკუპანტი ქვეყანა იღებს საკუთარ თავზე.