საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
დღეს, 31 ივლისს გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. ცნობილია, რომ გემზე ასევე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი აქტივისტები.
მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა. ადგილზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს.
მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული