სასამართლომ ₾120 000-მდე მითვისებისთვის ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილი დირექტორი და ბუღალტერი დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

​ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილ დირექტორს, რომელსაც სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, და ბუღალტერს. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რადგან, უწყების თქმით, გამოძიებასთან ითანამშრომლა, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას და სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი.

"სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ "ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა, სხვადასხვა დროს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა - 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა -22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ჯგუფურად),  332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) წარდგენილ ბრალდებებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი