რა აქვს სამშობლოს დასაცავი იმ ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რასაც ვხედავთ ფარისევლობაა - კალაძე აქციაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას ფარისევლობა უწოდა. კალაძის თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ.

"სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა, იმიტომ რომ გვახსოვს, წლების წინ, მაშინ როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ, გვახსოვს, მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, მიესალმებოდა, მაშინ არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის კითხვა დაესვა, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. 

[...]

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული", - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. ბათუმის პორტში აქცია, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, ახლაც გრძელდება. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 15 პირი დააკავა. რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს, ახლა ისინი ბათუმში ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.

 საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი