
ანექსირებული ყირიმის "ხელმძღვანელი" აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩონგარის ხიდზე იერიში მიიტანეს. სერგეი აქსიონოვის თქმით, დაზიანებულია საავტომობილო ხიდის სავალი ნაწილი, მსხვერპლი არ არის:
„მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ყირიმის ჩრდილოეთით ჩონგარსკის ხიდის მიდამოში. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის ძალებმა. დაზიანებულია საავტომობილო ხიდის სავალი ნაწილი, სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მსხვერპლი არ არის“, - წერს მოსკოვის მარიონეტი აქსიონოვი ტელეგრამ არხზე.
ხიდზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტომასალა ტელეგრამ არხებზეც ვრცელდება.
რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის "ხელმძღვანელი", ვლადიმირ სალდო კი ამტკიცებს, რომ ხიდზე დარტყმები უკრაინელებმა Storm Shadow-ის რაკეტებით განახორციელეს.
ჩონგარის ხიდზე თავდასხმა 29 ივლისსაც მოხდა. მაშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ხიდს სწორედ ისინი დაესხნენ თავს.
ცნობისთვის, ძირითადად სწორედ ამ გზით მარაგდება რუსული ნაწილები შეიარაღებით უკრაინის სამხრეთში.