
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღზე "სპეკულაციები" აბსოლუტურად გაუგებარია. კალაძის თქმით, 2013 თუ 2014 წლამდე გმირებისთვის პატივის მისაგებად მაშინდელი ხელისუფლებაც 8 აგვისტოს გამოდიოდა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავს. ომი არა 8 არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.
"აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები, თქვენ გადახედეთ წარსულს. არ მინდა ახლა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა, ნახეთ, რომ 2013 თუ 2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა, რომ პატივი მიეგო ჩვენი გმირებისთვის და დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს," - განაცხადა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა.
"15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას," - ამბობს თბილისის მერი.
ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა "ფეისბუქ" გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით - 8 აგვისტო - რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.