
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ წინა ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ღარიბაშვილს არ განუმარტავს, რატომ აკეთებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება იგივეს.
"რაც შეეხება თარიღებს, ასევე, მე მინდა მოგიწოდოთ, "ფორმულა", თქვენი მფლობელი იყო მაშინ მინისტრი, რომელიც ჯარმა ნახა გაქცეული ბევრჯერ, გაქცეული და გამოქცეული, საუბედუროდ და სამარცხვინოდ, ასევე მე მინდა გითხრათ, თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია, 8 აგვისტო. 2012 წლამდე, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს, ასე არის მეგობრებო? კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა "ფეისბუქ" გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით - 8 აგვისტო - რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.