დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა - მდინარაძე შოვზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რაც ღამის განმავლობაში ხდებოდა.

"იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში. მერე შეიძლება ამ ვერტმფრენითაც გაერისკა ვიღაცას, დაუშვათ, ეს ძალიან პირობითი ნათქვამია.

როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენებზე, დახმარებაზე, დამატებით რომ ყოფილიყო ვერტმფრენი, ნებისმიერი აღჭურვილობით - იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ, მისი ხელმძღვანელები და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით, და თქვენ მაინცდამაინც, უკაცრავად ჟარგონის გამოყენებისათვის "აწვებით" ვერტმფრენებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ. არსებული [ვერტმფრენი] ვერ მუშაობდა და დამატებით ვისაც არ უნდა დახმარება გაეწია დახმარება, ვერ იმუშავებდა", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ დროისთვის 16 ადამიანის ეძებენ, მათ შორის ბავშვებს. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. 

მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 14 იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვნები.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი