სტიქიის მე-6 დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დამეწყრილი ტერიტორიის მონახულების შემდეგ, განაცხადა, რომ აქტიური სამძებრო სამუშაოები მდინარის კალაპოტშიც მიმდინარეობს. დღეს ერთი ცხედარი სწორედ მდინარის კალაპოტში იპოვეს, რაც სხვა ადამიანების ამ ტერიტორიაზე ნახვის ალბათობას მისი თქმით, კიდევ უფრო ზრდის.
''პრიორიტეტებში თავიდანვე იყო მდინარის კალაპოტი, რა თქმა უნდა. თქვენ შეამჩნევდით, რომ ყველა ხიდზე განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები. ასევე გადაადგილდებიან კალაპოტში და სწორედ ამ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ნანახი ცხედარი ხიდის ქვეშ. 8 ავტომობილია, რომელიც არ ჩანს და გაუჩინარებულია. საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ცხედარი ამის ალბათობა დიდია...'' - თქვა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ტრაგედიიდან მე-6 დღეს კიდევ ერთი, მე-19 ცხედარი იპოვეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ცოცხალია და თბილისში იმყოფება ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც მღებრიშვილის თქმით, დაკარგულთა სიაში იყო.