პოლიტიკური აქტორები ისევ კანდიდატებზე აპელირებენ და არა კონკრეტულ წინადადებებზე - გიორგი გობრონიძე

გამოქვეყნდა:

დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ძალიან პასიურია, შედეგად გვექნება ისევ ტრადიციული ქართული არჩევნები - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ ისაუბრა. 

იგი ოპოზიციურ პარტიებს პასიურობაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ საქართველოში მოახლოებული არჩევნები ქვეყანაში ბევრს ვერაფერს შეცვლის. მისი მტკიცებით, ქართველი ამომრჩევლისთვის და პოლიტიკური ძალებისთვისაც დღის წესრიგში მთავარი თემა ისევ არჩევნების ფორმაა და არა შინაარსი -  ჩვენ გვაკლია პოლიტიკური დებატები, პარტიების პროგრამები, მაგრამ ჭარბად გვაქვს პოპულიზმი“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგებით, ქართველი ამომრჩეველი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს.

ერთ მხარეს იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, იკვეთება მცდარი  ნარატივები, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე. ჯამში, ჩვენ ვხედავთ ისევ ტრადიციულ წინასაარჩევნო კამპანიას. ოპოზიციურ ძალებს უჭირთ კონსოლიდაცია, გავიხსენოთ თუნდაც ის, რა დრო და ძალისხმევა დასჭირდა საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბების პორცესს. პოლიტიკური პროცესი იქნება ეფექტური, თუ ოპოზიცია იქნება უფრო ძლიერი, მაგრამ მე დღეს, რეალურად ვერ ვხედავ კონკრეტულ კონცეფციებს, იდეებს და პროგრამათა დაპირისპირებს პროცესს, - ამბობს გობრონიძე.

პროფესორის მტკიცებით, ჯანსაღ წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკურ ძალებთან ერთად პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება, ოპოზიციის სისუსტესა და არაკონსოლიდირებულობაში გარკვეული წვლილი საზოგადოებაზეც მოდის. 

ეს არ არის ის ხარისხი, რაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ განვითარდეს და შედგეს როგორც წარმატებული სახელმწიფო და კონსოლიდირებული დემოკრატია. დაკვეთა და ინტერესი უნდა მოდიოდეს ამომრჩევლისგან, შედეგად კი ოპოზიციური აქტორები ისევ აპელირებენ მხოლოდ ღირსეული კანდიდატის წარდგენაზე და არა კონკრეტულ წინადადებებსა და პროგრამებზე, - ფიქრობს გიორგი გობრონიძე.

გუშინ, 12 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების დროს - 42% აცხადებს, რომ პარტიის ან კანდიდატის პლატფორმა, მხოლოდ კანდიდატს უპირატესობას მხოლოდ 21% ანიჭებს, 18%-სთვის მნიშველოვანია პარტია, გამოკითხულთა 13%-ს კი ამ გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის ან კანდიდატის დაპირება ეხმარება. 

ასევე, კითხვაზე, იცნობენ თუ არა იმ პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მათ რეგიონში იყრის კენჭს, 41% პასუხობს, რომ ნაწილობრივ იცნობს, 22% საარჩევნო პროგრამას გაკვრით იცნობს, 20% საერთოდ არ იცნობს, ხოლო გამოკითხულთა 16% ძალიან კარგად იცნობს.  

შეგახსენებთ, რომ კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი