ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა მისი ახლობელი მოიკითხოს - მღებრიშვილის თქმით, შოვში 12 პირს ეძებენ

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი. დღეის მდგომარეობით მაშველებს დაღუპულების ცხედრები არ უპოვიათ. 

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დაკარგული უფრო მეტი ადამიანი იყოს, მაგალითად უცხოელი ტურისტები, მღებრიშვილი პასუხობს, რომ ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ოჯახს დაკარგულები მოეკითხათ.

"თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვერ ვიტყვი. თუმცა გონივრული ვადა, 1 კვირა, მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მინიმუმ უნდა მოიკითხოს, ლოგიკურად. თუმცა ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით არ გაზრდილა, თუკი მსგავსი ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, მოხდება პირველ რიგში ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა", - თქვა მღებრიშვილმა.

დღეს შოვში მომხდარი სტიქიიდან ერთი კვირა გავიდა. 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი