
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მანიპულაციურად მიიჩნევს კითხვას, 2015 წლის შემდეგ რატომ აქამდე არ იყიდა ქვეყანამ ვერტმფრენი. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ 8 წელი გავიდა, ხელისუფლებამ ვერტმფრენების შესახებ ხელშეკრულება კი მხოლოდ ერთი წლის წინ გააფორმა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საკითხის შოვის სტიქიასთან დაკავშირება მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციაა.
"სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია - შეძენილია. ხელშეკრულება დაიდო თუ არ ვცდები ალბათ შარშან. დღეის მონაცემებით, სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ მოწოდებას. მეორე საკითხი არის მანიპულაციური დაკავშირება ამ საკითხის [შოვის] სტიქიასთან. თქვენ დღესაც კიდევ ერთხელ მოისმინეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა, თუ როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, რომ ადგილზე იყვნენ, დღის განმავლობაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა აირს დრონები სპეციალური, მათ შორის სითბური აღჭურვილობით, ასე რომ ყველა სამაშველო ამოცანა, რაც იყო დასახული ყველა შესრულდა. ერთია, რომ ვერტმფრენები შეძენილია, მეორე არის მანიპულაციური დაკავშირება... თუ ვერტმფრენები გაინტერესებთ ვერტმფრენები შეძენილია. თქვენ თუ ცდილობთ, საკითხი მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას [...] მე მგონი თქვენი თვალით იხილეთ ის ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობდნენ სტიქიის ზონაში. ამის დაკავშირება სტიქიასთან არის მანიპულაცია" - თქვა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
იხილეთ: