ცდილობენ შიში დაამკვიდრონ რომ, თითქოს რიკოთზე რაიმე ხდება...ტელევიზიები იყენებენ ძველ კადრებს - წერეთელი

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ვრცელდება "ნეგატიური ინფორმაციები", რაც მისივე შეფასებით, დისკრედიტაცია და საზოგადოებაში "შიშის დამკვიდრების" მცდელობაა

''ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ და სხვადასხვა ადამიანების მიერ. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებები არის იმის მანიშნებელი, რომ გარკვეულწილად ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა რომ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება. 

მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოები მიდის. გეგმაზომიერად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება."ამბობს წერეთელი

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, რიკოთის უსაფრთხოებას ისიც ამყარებს, რომ აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება და მშენებლობის პროცესში, უამრავი უცხოელი კვალიფიციური ადამიანია ჩართული. 

მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია, მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა. ამაში მონაწილეობას იღებდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა'' - ამბობს წერეთელი. 

წერეთლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის გზის მშენებლობის პროცესში კორუფციული გარიგება არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანს.

„2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება ერთად და კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს.“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მიწის ჩამოწოლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ სამშენებლო პროცესში გამოწვეული მოვლენა იყო და მომხდარი ფაქტი არის ძველი. 

''ყველა ფერდი, ყველა სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს, ესაა სამუშო პროცესი. ის მოვლენები, რომელიც მოხდა რიკოთის მონაკვეთზე, ეს იყო სამშენებლო პროცესში გამოწვეული მოვლენები და სამწუხაროდ, დღეს ყველა კადრი რომელიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიაში, არის ძველი კადრები ამოღებული , თვეების უკან გადაღებული და თქვენ თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე და ნახავთ იმ კადრებს, რომელსაც იყენებთ, ნახავთ, რომ იქ სხვა სურათია და სხვა მდგომარეობაა'' - განმარტა წერეთელმა 

შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო". პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი