თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 2 პირი რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ერთს 20 წლიანი პატიმრობა, ხოლო მეორეს, რომელიც არასრულწლოვანია, 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე ბრალდებული მესამე პირი ძებნაშია და მის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს.
ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ.
სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რომელთაგან ერთს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს - არასრულწლოვან ბრალდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 12 (თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მესამე ძებნილი ბრალდებულის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა." ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.