არის თუ არა რიკოთი უსაფრთხო? - ოპოზიციის მოთხოვნა და სამინისტროს პასუხი

გამოქვეყნდა:

რიკოთის მსოფლიო მნიშვნელობის მაგისტრალს 3 ჩინური კომპანია აშენებს. სამივე კომპანია კორუფციაში, თაღლითობაში, ქრთამის აღებაში, დაუდევრობაში, ორგანიზებულ დანაშაულსა და  კიბერ ჯაშუშობაშია მხილებული. ერთ-ერთი მშენებელი კომპანია კი, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ მრავალ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და უმნიშვნელოვანესი სამუშაოების შესრულება ანდო - უკრაინის მიერ არის დასანქცირებული. უკრაინის ხელისუფლებამ ჩათვალა , რომ კომპანია " china construction enjainering " რუსეთს სანქციების გვერდის ავლით სამშენებლო მასალას აწვდის და მის ხელმძღვანელობას საკმაოდ ახლო-მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის მაღალჩინოსნებთან. 

ოპოზიცია მოითხოვს საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას რომელიც  გაარკვევს - არის თუ არა საფრთხის შემცველი რიკოთის გზაზე გადაადგილება. 

რიკოთის გზა სამ ნაწილად არის დაყოფილი. სამივე ნაწილზე სხვადასხვა ჩინური კომპანია მუშაობს. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს კომპანია china state constructuion engineering - ი აშენებს. ეს კომპანია მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა და მის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულება აუკრძალა. მიზეზი - ფილიპინებში საგზაო სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულება და კორუფციული გარიგებები იყო.  

მეორე - ხევი-უბისას მონაკვეთზე კომპანია "human road and bridge" მუშაობს.  მის მიერ აშენებული უზარმაზარი ხიდი ჩინეთში უხარიხო სამუშაოების გამო ჩამოინგრა, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ჩინეთმა კომპანიის ხელმძღვანელები  ორგანიზებული დანაშაულისთვის გაასამართლა. 

მესამე უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოებს china road and bridge ახორციელებს. ეს კომპანიაც, პირველის მსგავსად მსოფლიო ბანკის მიერ იყო დასანქცირებული. მიზეზი- აქაც თაღლითობა და კორუფციაა. 

რიკოთზე მომუშავე სამივე კომპანიის საქმიანობა წლების წინ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეამაც" დეტალურად შეისწავლა და გამოქვეყნებული ანგარიშები ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გაუგზავნა.

შოვში მომხდარი ტრაგედიისა და მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ვერც ზიანის და ვერც ზარალის შემცირება შეძლო - კიდევ უფრო გააქტიურდა საკითხი - არის თუ არა მთავარი მაგისტრალი უსაფრთხო და თუ არის, მაშინ რატომ დააწესა აქ გადასაადგილებლად გზების დეპარტამენტმა გრაფიკი. 

დღეს ირაკლი ქარსელაძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ თემაზე არსებულ ყველა კითხვას უპასუხებდა. თუმცა, მთელი ერთი საათი ინფრასტრუქტურის მინისტრი მხოლოდ ცარიელი სიტყვებით ცდილობდა ემტკიცებინა, რომ ისინი მაღალი სტანდარტებით აშენებენ მაგისტრალს, პანიკას საზოგადოებაში კი, მედია და ოპოზიცია თესავს. 

თუმცა, კითხვები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების ოპონენტებს არ გასჩენიათ. ცოტა ხნის წინ, პოლონეთის ელჩიც გაოცებული იყო, რატომ უხდის საქართველო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ მილიონებს მაინც და მაინც ჩინურ კომპანიებს, როცა არსებობს არაერთი კეთილსინდისიერი და მაღალი სტანდარტების მქონე გერმანული, პოლონური და ავსტრიული კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს გაცილებით იაფად და გაცილებით ხარისხიანადაც ასრულებენ. 

ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ნაწილი ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში იბარებს და ასე ცდილობს ბრალდებებზე პასუხის მიღებას. 

რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებმა მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 100- მდე ოჯახი დააზარალა. დაიბზარა და დაინგრა მათი სახლები. საცხოვრებლებისკენ დაიძრა მეწყერი, ასწლოვანი ხეები მიწამ ჩაყლაპა, იქვე მდებარე ერთ-ერთმა წყარომ კი კალაპოტი შეიცვალა. დაზარალებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაგისტრალზე აშენებული ხიდის საყრდენი ერთ-ერთი ბურჯი დაზიანებული იყო. ინფორმაცია მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც დაადასტურა. კომპანიას დაზიანებული ბურჯის დანგრევა და ტერიტორიიდან შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გატანა  მოუწია. საყრდენი ბურჯი სამტრედია -გრიგოლეთის ხიდსაც გამოეცალა და ჯერ არ აშენებული ხიდი ჩაინგრა.  

52 კილომეტრის 4 ზოლიანი მაგისტრალის ასაშენებლად ჩვენმა ხელისუფლებამ 3 მილიარდ ლარამდე ისესხა. ეს ფული ახლა ჩვენი გადასახდელია. თუმცა, ისიც არ ვიცით ვის და რაში ვუხდით მილიარდებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი