
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე შოვის ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ გაერთიანების მაგივრად, "სპეკულაციებს," "სიცრუის კამპანიასა" და "პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას" ვხედავთ. მისი თქმით, ტრაგედიის და სტიქიის დროს ყველა უნდა გაერთიანდეს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა.
"გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციები ხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს ღამის ხედვის სისტემა, თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე დაიწყება მათი შემოყვანა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე, გასაკეთებელი გააკეთეს - 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.