"ოცნება“ თავს ესხმის გადარჩენილებს, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე დაგვიანებულ რეაგირებას - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

„ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელ თავდასხმებს სტიქიას გადარჩენილ ადამიანებზე.

ვაშაძის თქმით, "ოცნებამ" ამ ადამიანების მიმართ ბინძური კამპანია გააჩაღა და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად:

"ის ბინძური კამპანია, რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.
მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება“ პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.
ჩემი სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.
სიმართლე და ძალა თქვენს მხარეს არის და კობახიძეები ვერასდროს მოგერევიან" წერს ვაშაძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ  დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და  "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე კი, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

კობახიძის პროპაგანდა მისმა თანაპარტიელებმა გააგრძელეს - თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მამუკა მდინარაძემ კი "უმარტივესი ლოგიკით" დაადგინა, რომ დავით ჯელაძემ მეორე მხარეს გადასვლა შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, სადაც ტალახის სიმაღლე ამის მინიმალურ საშუალებას მისცემდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი