
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა საკითხზე ამომწურავად ისაუბრებს.
"რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული," - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა. ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში წერილი გუშინ, 14 აგვისტოს, დაარეგისტრირა.
როგორც ენმ-ში ამბობენ, მათ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები - ერთ-ერთი კითხვაა თუ რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 20 იდენტიფიცირებულია. 8 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.