საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. "თავისუფლების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით მხოლოდ 2022 წელს ქართულ შესყიდვებში მონაწილეობა 211 რუსულმა კომპანიამ მიიღო. იგივე მაჩვენებელი იყო წინა წელსაც.
2013 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მონაცემია.
"თავისუფლების ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს და, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება.
"ასევე, უნდა შეიზღუდოს მონაწილეობა იმ რუსული კომპანიებისა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ რუსული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში ნიშნავს - "ჩვენი სახელმწიფო სახსრების გადინებას რუსეთში". მისივე თქმით, ამას ემატება ის, რომ რუსული კომპანები არ გვთავაზობენ ხარისხიან პროდუქციას, რისი არაერთი მაგალითიც ვნახეთ.