
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს და დაიცვას მშვიდობა. ამ თემაზე კომენტარი მან აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წლისთავზე გააკეთა.
ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ამ ომში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. მაქსიმალური ძალისხმევა განვახორციელოთ, რომ ვიზრუნოთ ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რომ ვიზრუნოთ ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, - თქვა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის განცხადებით, დღეს, 14 აგვისტოს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი. მისი თქმით, ივლისის თვეში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირის ნეშტი, რომელთა საპატიო წესით დაკრძალვაც ხვალ გაიმართება.
ზუსტად 28 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა სხვადასხვა მონაცემით 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.