ხმაურია გორში - გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ინსპექციის წარმომადგენლებთან დაპირისპირების დროს რამდენიმე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც - მოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებენ ''გირჩი მეტი თავისუფლებისა" და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები.
მუნიციპალური ინსპექცია მათ ახალ ბაზარში გადასვლას სთავაზობს, თუმცა მოვაჭრეების თქმით, შეთავაზებულ ადგილას მომხმარებელი არ დადის. როგორც გარემოვაჭრეები აღნიშნავენ, ისინი დათმობას არ აპირებენ, რადგან ეს მათი ერთადერთი შემოსავალია.
''მე მაგალითად, ოჯახში ორი ავადმყოფი მყავს - დედა და შვილი. დილით მოვედი და ერთ-ერთმა ფორმიანმა ქალბატონმა სიცილით მითხრა, ღირსი ხარ რომ ავადმყოფი შვილი გყავსო. იძულებულს მხდიან, რომ ხელი მოვკიდო, რომ დამიჭირონ.... უყურეთ, აი, გუშინდელი პოლიციის ნამოქმედარი... ახლა იმას ვაპირებ, რომ ისევ აქ უნდა დავდგეთ და უნდა ვივაჭროთ. ორი შვილიშვილი მყავს სკოლისთვის უნდა გავამზადო" - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე
მოქალაქეების პროტესტს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა, მან აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდა.
"ვისაც თქვენ აქ ხედავთ რომ წინააღმდეგი არიან გადასვლაზე, ესენი ყველანი არიან პროვოკატორები. უმრავლესობა თანახმაა. მე მათ მატერიალურ მდგომარეობაზე ვერ გეტყვით, მაგრამ როგორი სიტუაციაა იცით, თქვენ რომ წაბრძანდებით, თვითონ ეს ქალბატონები მოდიან და ამბობენ, რომ თანახმა არიან გადასვლაზე და ესენი დგამენ შოუს. ბაზარზე, სადაც მოვუწოდებთ, რომ გადავიდნენ, ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწყობილია იმისთვის, რომ სუფთად გაყიდონ საქონელი. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქუჩაზე არის საშინელი ანტისანიტარია, ჩასასვლელებში ნაგავი ყრია, სანიაღვრე არხიდან იღებენ წყალს და ბოსტნეულს ასხამენ, ეს ფაქტები არსებობს", - თქვა ინსპექციის ხელმძღვანელმა.
წლებია გორში გარევაჭრობა აკრძალულია, თუმცა როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ, საქმიანობის გაგრძელების ნებას აძლევდა, თუმცა 19 აგვსიტოდან გორის მერიამ განცხადება გაავრცელა და მოვაჭრეებს გურამიშვილის ქუჩაზე საქმიანობის გაგრძელების უფლება კვლავ აუკრძალა.