საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.
პროკურატურამ 12 აგვისტოს, შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიზეზით ადვოკატთა ნაწილმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად გენერალურ ინსპექციას უკვე მომართეს.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამ ხუთი პირის ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.