
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარასკევს, 25 აგვისტოს საკრებულოში სხდომაზე თბილისი მერის, კახი კალაძის მისვლას ითხოვენ.
პარტიაში კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ რომ, ყველა პროექტის უკან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები არიან. ოპოზიციის თქმით, თბილისის მერმა საკრებულოში მისვლის შემდეგ ყველა დასმულ კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
''თბილისის მერიამ აგვისტოში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სადაო პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ურბანული ნაღმები. ამ მშენებლობების უკან დგანან თავად ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, რაც აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვებს, შესაძლო პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე, თავად თბილისის მერი გამოცხადდეს და როგორც ამ ქალაქის, მის უსაფრთხოებაზე და სწორ განვითარებაზე პასუხისმგებელმა პირმა, თავად წარადგინოს პროექტები და გასცეს ძალიან კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი.'' - ამბობს ანა გოგოლაძე წევრი.
პარასკევს, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში რამდენიმე სადაო მშენებლობის პროექტს განიხილავენ. ოპოზიციაში ამ მშენებლობების საფრთხეებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ შორის არის ისეთი პროექტები, რომელთა ინიციატორებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.