რომის პაპ ფრანცისკეს ონლაინ გამოსვლის გამო, სადაც მან რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, რუსეთის მონარქებს "წმინდანები", ხოლო ახალგაზრდებს "დიდი რუსეთის" და უდიდესი კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა, ლიეტუვამ ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი დაიბარა. ის ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში შვებულების დასრულების შემდეგ, სექტემბერში უნდა გამოცხადდეს.
2021 წლის აღწერის მიხედვით, ლიეტუველების 74.2% რომის კათოლიკურ ეკლესიასთანაა იდენტიფიცირებული. ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირეა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი რომის პაპის ონლაინმიმართვამ უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინაშიც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და "დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები აგრესორი ქვეყნის "ნეოკოლონიალისტური ამბიციების" გაღვივებას უწყობს ხელს.